ჩემი ბლოგი

საახალწლო

1.მთელი ქვეყანა   
ხარობს, ირთვება,
გასულ წელს მიაქვს
ფიქრებიც ძველი,
შობის სიხარულს
ფეხ-ფეხ მოჰყვება
ძღვენით, ხალისით
ახალი წელი.

იმედით მოდის,
ნუგეშით გვავსებს,
ლოცვით, ბარაქით
სავსე აქვს კალთა
თოვლის პაპაა დღეს
ჩვენი მეკვლე
და სიხარული დგას
ყველა კართან!

2.თუმცა მიწას თოვლი ფარავს
და მზის სხივით აღარ იწვის,
გულში მაინც ცეცხლი ელავს,
დილა არის ახალი წლის.

გაყინულა ნაკადული,
წყლის ჩუხჩუხი აღარ ისმის;
გულს კი მაინც ზეიმი აქვს -
დილა არის ახალი წლის.


3.ხეზე ჩიტი დაღვრემილა,
თითქოს ფრენა აღარ იცის,
გულს კი თითქოს ფრთა შესხმია -
დილა არის ახალი წლის.

გაძარცულა ხის ტოტები,
ზედ ფოთოლი აღარ იძვრის;
გულს კი თითქოს სიო არხევს -
დილა არის ახალი წლის.

ავდგეთ ქუჩებს მოვეფინოთ,
გული სახლში აღარ იცდის;
მივულოცოთ ჩვენს სამშობლოს -
დილა არის ახალი წლის.
4. მე ფიფქი ვარ ერთი ციდა,
ჩამოვფრინდი, ახლა ციდან
და მინდა რომ მოგესალმოთ,
მსურს გახაროთ, ამ სცენიდან:

მალე, სხვა ფიფქებიც მოვლენ
გათეთრდება ჩვენი მხარე
და ბავშვების ჟრიამულით,
გაიღვიძებს არე-მარე.
5. ახალო წელო, იმედით გიცქერ
და მეც მაქვს შენთან თხოვნა-სათქმელი,
მიბედნიერე ჩემი სამშობლო,
ამ ქვეყნად ყველა, ყველა ქართველი.
  







6. ბიჭოს, რა თოვლი მოვიდა,
ნეტავ საიდან მოვიდა,
იმდენ ხანს დააგვიანა,
ალბათ, ძალიან შორიდან.
აუ, რამდენი ფიფქია,
ფიფქები ქარში მიქრიან,
ასე ლამაზი თუ იყო
ზამთარი, არც მიფიქრია.
ეი, ბეღურავ, მავთულზე
მობუზული რომ ზიხარო,
ჩემს აივანზე მოფრინდი,
საკენკი გადმოგიყარო,
ცოტათი გათბი, დანაყრდი
და მერე ერთად ვიხაროთ.



7. ყმაწვილებო! ერთი შეხეთ
რა შუქსა ჰფენს თეთრი დილა;
ჩანს, ზამთარი აღარ ხუმრობს,
ჩანს, წუხელვე დათოვლილა!

აბა, ჩქარა, გაიღვიძეთ,
გაახილეთ ყველამ თვალი,
რომ არავინ არ დაგასწროთ
პირველ თოვლში კოტრიალი!

8. ცეკვით, სიმღერით,
სიცილ-კისკისით
მომილოცია
ახალი წელი!
მომაქვს ციგები,
მომაქვს გუნდები,
მაჭახელების
ჭახან-ჭახანი!
მაღალი ნაძვის
მწვანედ ღაღანი,
მწვანე ნაძვივით
რწმენა მაღალი,
რომ ამ მიწაზე
აღარ იქნება
წყარო დამშრალი,
ნერგი გამხმარი.
გულს გაგვიხარებს
შრომის სიმღერა,
წარმატებები
ახალ-ახალი
და საქართველო
გახდება მალე
მართლაც ზღაპრული
მხარე ბაღნარი
9. ახალ წელს მოაქვს სურნელი წიწვის,
ღვინით ავსებენ ცარიელ თასებს,
ბუხარში შეშა ტკაცანით იწვის,
და მორთულ ოთახს სითბოთი ავსებს.
სუყველა ნატვრა თუნდაც მცირედი,
ახდება, გულში თუკი გაქვს რწმენა,
ახალ წელს მოაქვს ბევრი იმედი
და უსასრულო ფიფქების ცვენა.

10. ახალი წლის ზღაპარი,
უსათუოდ ახდება
როცა კართან ხურჯინით
თოვლის პაპა დაგვხვდება.
აცეკვდება ეზოში
თოვლის თეთრი ფანტელი
ნაძვის ხესთან იქუხებს
ნატვრის კორიანტელი.
ჩემს სამშობლოს ვუსურვებ
მშვიდობას და აღდგომას
მოგილოცავთ სუყველას
ახალი წლის დადგომას!
11. , ბიჭო, თოვლი მოსულა,
გარეთ გამოდი, გელაო;
ციდან ფიფქები მოცვივა
ბროლივით ქათქათელაო;
წელში მოხრილან ხეები,
ქარი უბერავს ქვენაო,
ჩიტები მიწას ეძებენ,
შეუწყვეტიათ სტვენაო.
მურია თოვლზე ბურხალობს,
გადმოუგდია ენაო,
რამ გაახარა ნეტავი
ეს ჩვენი მურიკელაო.





12.ე, ბიჭო, ძილი გეყოფა,
გარეთ გამოდი, გელაო!
თოვლია, მაგრამ რა თოვლი, -
ბროლივით ქათქათელაო.
თოვლის ბაბუა წამოვდგი,
ჩვენი ბაბუას ხელაო,
ბოხოხი გამოუტანე,
შე ძილისგუდავ, შენაო!
  
13.მე ფიფქი ვარ
თოვლის ფიფქი პატარა
ქარმა ხევ-ხევ
მინდორ-მინდორ მატარა
მოვფრინავდი
შენსკენ მოვიჩქაროდი 
თამუნია
საგუნდაოდ გამოდი
მოველ შენი 
სიყვარულით გამთბარი
თეთრი ფიფქით 
მოგიქარგო 
მთა-ბარი.
 14. ცა  ნაცრისფრად  გაცრეცილა,  თოვლი  მოდის...  თოვს...
              ენძელები  ცვივა  ციდან,  თოვლი  მოდის... თოვს...
               ფანტელ-ფანტელ,  ფთილა-ფთილა, თოვლი  მოდის...  თოვს...
               ხელისგულზე  ნაზად,  ფრთხილად  ეცემა  და  თოვს...
               თვალებსა  გვჭრის  ზამთრის  დილა, თოვლი  მოდის...  თოვს...
               თოვლის  პაპა  მოწყენილა,  თოვლში  თამაშს  გვთხოვს...
              __აბა,  გუნდა,  აბა,  ციგა,  ნუ  დავკარგავთ  დროს!
               თოვლი  მღერის,  თოვლი  ცეკვავს,  თოვლი  მოდის...  თოვს...
  15.თოვლი მოსულა ქათქათა,
მთა-ბარი დაუბარდნია,
მეკვლე ვარ,
ვარსკვლავბიჭუნა,
ახალი წელიწადია!
ციდან ეშვება ფარფატით
ფიფქები, სხივთაფერება,
მომყვება თოვლის ბაბუა,
ხალისით ამემღერება:
კარი გამიღეთ,
მეკვლე ვარ!
ახალწლის მახარობელი,
მომაქვს ათასი სიმღერა,
მამულის საგალობელი.

                                              სცენარი
ბავშვები: გაბმულხარ, ჩიტო, მახეში? გაჩერდი, ნუღარ ფართხიალობ! ჩვენი ხარ, ვეღარ წაგვიხვალ, დაგვიმორჩილდი, რას წვალობ?
ჩიტი: ნეტავი რისთვის გინდივართ, ბავშვებო, გენაცვალებით? გამიშვით, ჩემთვის გავფრინდე, რას გამორჩებით წვალებით?
ბავშვები: ვერ შეგელევით, მალხაზო, აგაცდენთ ყოველ გასაჭირს; სულ შაქრით ჩაგიტკბარუნებთ მაგ პაწაწინა ყელს და პირს.
ჩიტი: რად მინდა თქვენი შაქარი? არ მიყვარს, ჩემთვის მწარია, მინდორში ვიჭერ ბუზ-პეპლებს, სხვაც ბევრი საკენკარია.
ბავშვები: ტრიალს მინდორში, საწყალო, გაგყინავს ცივი ზამთარი, და აქ კი ოქროს გალია შენთვის ახლავე მზად არი!
 ჩიტი: ნუ შიშობთ! გადავფრინდები საზამთროდ თბილსა მხარესა, ტყვეობაში კი სამოთხეც არ მინდა გულმწუხარესა!
ბავშვები: ახ, რომ იცოდე, ჩიტუნო, რარიგად შეგიყვარებდით? არ მოგაწყენდით, ღმერთმანი, ნიავს არ მოგაკარებდით.
ჩიტი: ეგ, მეგობრებო, მეც მჯერა, შეფერვით უეჭველია; მაგრამ ეგ თქვენი ალერსი, რა ვქნა, რომ მავნებელია? გალია ჩემთვის ციხეა, ეს, ბავშვნო, ნუ გავიწყდებათ; ტყვედ ყოფნა მაწყენს, ფეხებს ვფშეკ და თქვენვე გული დაგწყდებათ. * * *
 გაუშვეს, უთხრეს: „მაშ ღმერთმა აწ მოგომართოს ხელიო! გაფრინდი, გადაიარე ჭიკჭიკით მთა და ველიო“.








16.წუთი-წუთზე,
წუთი-წუთზე
წაბრძანდება ძველი
და შემოდგამს კარის ზღურბლზე
ფეხს ახალი წელი
ბედნიერი ყოფილიყოს
ის წუთი და წამი,
სიხარული დაჰყოლოდეს
ამინ!
ამინ!
ამინ!
აგვსებოდეს სასუნსულო
უხვი სასუსნავით,
გველხინოს და გვეჭიკჭიკოს
ამინ!
ამინ!
ამინ!
17.ქრისტეშობას დაგილოცავთ,
დაესწარით მრავალს,
გიდღეგრძელებთ მამულს, კერას,
გენს და შთამომავალს!
ათი მცნება იყოს ჩვენი
საწყის-დასაბამი,
ღვთისმშობელი
გვმფარველობდეს,
ამინ!
ამინ!
ამინ!..
 

                        ერთად
ერთად შევხვდებით ახალ წელს,
ლექსებით, ცეკვა-სიმღერით,
ყველამ იცოდეს, - გმირებად
საქართველოსთვის ვიზრდებით!..




18.მიყვარს ზამთარი! მიყვარს თოვლი ქათქათა, სუფთა,
თეთრი ფიფქების ჰაეროვნად მიყვარს ფარფატი,
მიყვარს ნაძვის ხე, მისი მორთვა ჭრელი ბურთებით
და გოზინაყი, მთელი წელი ასე ნანატრი.

19.მიყვარს ზამთარი, მიყვარს თოვლი, ფიფქების ცეკვა,
თოვლში გართული მეგობრების  წკრიალა ხმები,
არ დაგიმალავთ, საჩუქრების მიღებაც მიყვარს
და თოვლის ბაბუს შორი გზიდან იმედით ველი.

20.რატომ ზამთარი? იმიტომ, რომ ქუჩაში ცივა,
მე კი საბანში გახვეული, სიზმრებით ვთბები,
მიყვარს გალობა შობის ღამეს გულს, რომ გაათბობს,
შეძახილები, როცა ახალ წელს ვხვდებით!

21.ზამთრის ხმაც მიყვარს! ღამე სტვენით ფიფქებს გაფანტავს,
მძივად ასხმული ლოლოების წკრიალი ქარში,
მიყვარს ხრაშუნი თოვლზე დადგმულ ნაბიჯს, რომ ახლავს,
და საახალწლო ფეირვერკის ქუხილი ცაში!

22.მიყვარს ზამთარი იმიტომ, რომ მოაქვს იმედი,
დღესასწაულის მოლოდინი ნამდვილი, წრფელი,
შემოვდგი ფეხი, გწყალობდეთ ღმერთი, მეკვლე მოვიდა,
ფეხბედნიერი ყოფილიყოს დამდეგი წელი!

















 ალილო, შობა თენდება,
ახალი წლის სიხარულს რა შეედრება.
რეკავენ ზარები, დილა თენდება,
სითბო და სიკეთე დაგვებედება.

წუთებს დაითვლის ჩვენი საათი
და სულ მალე იწყება შობის ზღაპარი.
მე ჯადოსნური ეტლით ვიარე ,
რადგან თქვენთან წუთით ვერ დავიგვიანებ.

ალილო....

ზეცა ინთება როგორც სანთელი,
ამ  ლამაზ გათენებას ჰქვია სახელი .
შობის დილაა, დილა ნათელი,
ციდან ჩვენთვის ეშვება თეთრი ფანტელი .
  
ალილო...ალილო...

No comments:

Post a Comment