ჩემი ბლოგი

Monday, February 3, 2025



მოუსმინეთ!

 ჩემო პატარებო! ისწავლეთ მხოლოდ ბავშვების სიტყვები.....

მახეში გაბმული ჩიტი


ბავშვები:
გაბმულხარ, ჩიტო, მახეში?
გაჩერდი, ნუღარ ფართხალობ!
ჩვენი ხარ, ვერსად წაგვიხვალ,
დაგვიმორჩილდი, რას წვალობ?
ჩიტი:
ნეტავი რისთვის გინდივართ,
ბავშვებო, გენაცვალებით?
გამიშვით, ჩემთვის გავფრინდე,
რას გამორჩებით წვალებით?
ბავშვები:
ვერ შეგელევით, მალხაზო,
აგაცდენთ ყოველ გასაჭირს;
სულ შაქრით ჩაგიტკბარუნებთ
მაგ პაწაწინა ყელს და პირს.
ჩიტი:
რად მინდა თქვენი შაქარი?
არ მიყვარს, ჩემთვის მწარია,
მინდორში ვიჭერ ბუზ-პეპლებს,
სხვაც ბევრი საკენკარია.
ბავშვები:
ტრიალს მინდორში, საწყალო,
გაგყინავს ცივი ზამთარი,
და აქ კი ოქროს გალია
შენთვის ახლავე მზად არი!
ჩიტი:
ნუ შიშობთ! გადავფრინდები
საზამთროდ თბილსა მხარესა,
ტყვეობაში კი სამოთხეც
არ მინდა გულმწუხარესა!
ბავშვები:
ახ, რომ იცოდე, ჩიტუნავ,
რარიგად შეგიყვარებდით?
არ მოგაწყენდით,გეთაყვა,
ნიავს არ მოგაკარებდით.
ჩიტი:
ეგ, მეგობრებო, მეც მჯერა,
მეფერვით უეჭველია;
მაგრამ ეგ თქვენი ალერსი,
რა ვქნა, რომ მავნებელია?

გალია ჩემთვის ციხეა,
ეს, ბავშვნო, ნუ გავიწყდებათ;
ტყვედ ყოფნა მაწყენს, ფეხს გავფშეკ
და თქვენვე გული დაგწყდებათ.

გაუშვეს, უთხრეს: „ჩიტუნავ 
აწ მოგომართოს ხელიო!
გაფრინდი, გადაიარე
ჭიკჭიკით მთა და ველიო“.



 

No comments:

Post a Comment