ჩემი ბლოგი

Sunday, February 9, 2025

მოჩხუბარიძე

  გთხოვთ წაუკითხოთ ჯერ თქვენ დედიკოებო! ინტერნეტში პატარებს კითხვა გაუჭირდებათ, შემდეგ თუ შეძლებთ ამოპრინტერებას ,თავადაც წააკითხეთ ნაწილ-ნაწილ, კითხვასაც გაიუმჯობესებენ!

 (ჩვენს საყვარელ მწერალს - ალექსანდრე ყაზბეგს - ბავშვობაში ზედმეტსახელად თურმე მოჩხუბარიძეს ეძახდნენ)

 

პატარა სანდრო თერგის ნაპირას უზარმაზარ ლოდზე იჯდა და დაფიქრებული გასცქეროდა დარიალის ხეობას. გააფთრებული ჩქარი მდინარე ღრიალით მიაქანებდა შფოთიან ტალღებს, მაგრამ სანდროს თერგის ხმაური თითქოს არ ესმოდა. მუხლისთავებზე გაშლილი რვეული ედო და მასში ხანგამოშვებით რაღაცას იწერდა.

სანდრომ თვალი მოჰკრა თერგის პირას მიმავალ ცხვრის ფარას, რომელსაც სამი მწყემსი ბიჭი მიერეკებოდა. ფარა თვალს რომ მიეფარა, სანდრომ ახლა პატარა გოგონა დაინახა, რომელსაც ხელში ბატკანი აეყვანა და სოფლისაკენ მიჰყავდა. გოგონას უჭირდა მსუქანი ბატკნის თრევა, მაგრამ ძირს მაინც არ სვამდა. იჩქაროდა, თან უკან-უკან იხედებოდა.

„ეს ხომ ჩვენი მეზობლის გოგოა, ძიძია ჰქვია", - გაიფიქრა სანდრომ. უცებ შენიშნა, რომ ძიძიას უკან ვიღაც მოზრდილი ბიჭი მოსდევდა.

"ეს ბიჭი კი გირგოლაა. ნეტავ რა უნდა, რას ასდევნებია ძიძიას?!“

ძიძია იმ ლოდს გაუსწორდა, რომელზედაც სანდრო იჯდა. დაქანცულმა უმწეოდ მიმოიხედა, მაგრამ სანდრო მაინც ვერ შეამჩნია.

გირგოლა ძიძიას წამოეწია. მას ბოროტი, ჩასისხლიანებული თვალები ჰქონდა. შეჩერდა და გოგონას მკვახედ ჰკითხა:

- ვისია ბატკანი, ქალავ?

- ჩვენია, წეღან ფეხი მოიტეხა, ფარას ჩამორჩა, ახლა შინ მიმყავს, - უპასუხა შეშინებულმა და წასვლა დააპირა.

- მოიცა! - მრისხანედ შეუტია გირგოლამ, - იქნებ ჩვენია, იქნებ ჩვენს ფარას ჩამორჩა?

- რას ამბობ, გირგოლავ, რას? - გაოცებით წამოიძახა ძიძიამ და ჟუჟუნა ცისფერი თვალები ცრემლებით აევსო.

სანდრომ წამოიწია, გული სწრაფად უცემდა, დაჩაგრული გოგონა შეებრალა. მზად იყო, წამომხტარიყო და ყელში სცემოდა მოძალადეს, მაგრამ გირგოლა ტანად დიდი ბიჭი იყო, ღონიერი. ამიტომაც სანდრო ყოყმანობდა.

გოგონამ ღონე მოიკრიბა, იმ ხეობისაკენ გაიხედა, საითაც წეღან ცხვრის ფარამ შეუხვია და ხმამაღლა დაიკივლა:

- მიშველეთ!... კობავ, ვაჟიავ, ელგუჯავ, მიშველეთ!...

გირგოლამ გოგონას ტუჩებზე ხელი დააფარა, მაგრამ ძიძია დაუსხლტა და გაიქცა.

გირგოლამ ისკუპა, ორი ნახტომით წამოეწია და გაქცეულ გოგონას ხელი დაუნდობლად ჰკრა. გოგონამ წაიფორხილა და ღორღიან გზაზე გაიშხლართა.

მუხლებდასისხლიანებული სწრაფად წამოხტა და უფრო ხმამაღალა დაიყვირა:

- ვაჟიავ, კობავ, მომეხმარეთ!

სანდრომ მეტი ვეღარ მოითმინა, ლოდიდან გადმოხტა და გირგოლასკენ გაიქცა. ამ დროს ხეობიდან სირბილით მომავალი ორი მოხევე ბიჭი გამოჩნდა. ისინი ძახილით მორბოდნენ.

გირგოლამ ფეხმოტეხილი ბატკანი აიყვანა და წასვლა დააპირა.

- მოიცა, გირგოლავ, მოიცა! - მიაძახა სანდრომ და გირგოლას წინ გადაუდგა.

გირგოლა ქშენით შეჩერდა, ბატონიშვილი რომ იცნო, სახეზე წყენა აესახა, მაგრამ მაინც ჯიუტად ჰკითხა:

- რა გინდა, ბატონიშვილო?

- ვისია ბატკანი? - სანდრომ ჯერ გირგოლას შეხედა, შემდეგ - აცრემლებულ ძიძიას.

- ჩვენია, ლომისის მადლმა. ჩვენი. წეღან ხევში გადაგვივარდა და ფეხი იტკინა! - წამოიძახა იმედმოცემულმა ძიძიამ.

გირგოლა ჩუმად იდგა და მიწას დაჰყურებდა.

სანდროს ჯავრი ყელში მოაწვა და უცნაური ხმით დასჭყივლა გირგოლას:

 - დასვი მიწაზე ბატკანი და აქედან დაიკარგე, შე...

გირგოლამ თავი მაღლა ასწია, ბრაზით კბილები დააკრაჭუნა და გესლიანად თქვა:

- ყაზბეგიანთი რომ ხარ, იმითი დიდგულობ, არა?..

სანდრო უარესად აენთო. მოძალადეს მიეჭრა და მარცხენა ყბაში მუშტი შემოჰკრა. გირგოლა შეტორტმანდა. ბატკანს ხელი უშვა და სანდროსკენ გაიწია, მაგრამ სახეანთებული სანდრო და მოახლოებული ბიჭები რომ დაინახა, უკან გაბრუნება იკადრა.

- დაიცა, დაიცა, არ შეგარჩენ, არა! - წამოიძახა მან და სოფლისაკენ მოკურცხლა.

ბავშვები ერთხანს ჩუმად იდგნენ.

მერე ყველას გაეცინა. რომ დამშვიდდნენ, კობამ წამოიძახა:

- სანდრო, ძმაო, კარგი ბიჭი ყოფილხარ, თუ გვიკადრებ, ძმად გავიფიცოთ!

ბიჭები ძმად გაიფიცნენ და მალე თავ-თავის გზაზე წავიდნენ.

სანდრომ სახლს რომ მიაღწია, წინ შეშფოთებული დედა შეეგება.

- რა მოხდა, შვილო, რად იჩხუბე, იმ საძაგელ გირგოლას თავი რად გაუტოლე? შეეკითხა მკაცრად იგი.

სანდრო დუმდა. არაფერს ამბობდა.

- აი, შე მოჩხუბარიძევ, შენა! - დაუყვავა დედამ.

სანდრო კვლავ სდუმდა, თავის ფიქრს მისცემოდა.

მცირე ხნის შემდეგ სანდრომ დედას თავისი დღიურების რვეული მიუტანა. დედამ რვეული გადაფურცლა და წაიკითხა:

„დედა, საყვარელო დედა! მოჩხუბარიძე კი არა და რაც გინდათ, ის დამარქვით, მაგრამ გირგოლა საძაგელი ბიჭია. მას იმ მუშტზე მეტი ეკუთვნოდა... ძიძია ჩემი დობილია, კობა, ვაჟა და ელგუჯა კი - ჩემი ძმადნაფიცები. მე ისინი მიყვარს და მათთვის თავს გავწირავ.“

დედას სიხარულით აუთრთოლდა გული, სანდროს თავი გადაუწია და ჭკვიან თვალებში აკოცა.

- კალმით, ჩემო მოჩხუბრიძევ, კალმით იჩხუბე! მუშტი კი შენი საქმე არ არის, - ჩურჩულებდა ის და საყვარელ შვილს გულში იკრავდა.

"დიახ, დიახ" - ფიქრობდა სანდრო, - "უფრო მეტად შევიყვარებ ძიძიას, კობას, ელგუჯას, ვაჟიას... გირგოლას კი"...

სანდრომ დედის დარიგება შეასრულა. ჩხუბი არავისთვის აუტეხია. პატარა ბასრი კალამი სიცოცხლის ბოლომდე ხელიდან აღარ გაუგდია, მაგრამ  მეტსახელად მაინც დედისაგან შერქმეული „მოჩხუბარიძე“  შერჩა.

 

No comments:

Post a Comment