ხვალ გეტყვით ვინ უნდა ისწავლოს.....თუმცა ვისაც სურვილი გაგიჩნდებათ ისწავლეთ ყველამ....
ბავშვები: გაბმულხარ, ჩიტო, მახეში? გაჩერდი, ნუღარ ფართხიალობ! ჩვენი ხარ, ვერსად წაგვიხვალ, დაგვიმორჩილდი, რას წვალობ?
ჩიტი: ნეტავი რისთვის გინდივართ, ბავშვებო, გენაცვალებით? გამიშვით, ჩემთვის გავფრინდე, რას გამომრჩებით წვალებით?
ბავშვები: ვერ შეგელევით, მალხაზო, აგაცდენთ ყოველ გასაჭირს; სულ შაქრით ჩაგიტკბარუნებთ მაგ პაწაწინა ყელს და პირს.
ჩიტი: რად მინდა თქვენი შაქარი? არ მიყვარს, ჩემთვის მწარეა, მინდორში ვიჭერ ბუზ-პეპლებს, სხვაც ბევრი საკენკარია.
ბავშვები: ტრიალს მინდორში, საწყალო, გაგყინავს ცივი ზამთარი, და აქ კი ოქროს გალია შენთვის ახლავე მზად არი!
ჩიტი: ნუ შიშობთ! გადავფრინდები საზამთროდ თბილსა მხარესა, ტყვეობაში კი სამოთხეც არ მინდა გულმწუხარესა!
ბავშვები: ახ, რომ იცოდე, ჩიტუნავ, რარიგად შეგიყვარებდით? არ მოგაწყენდით, ღმერთმანი, ნიავს არ მოგაკარებდით.
ჩიტი: ეგ, მეგობრებო, მეც მჯერა, მეფერვით უეჭველია; მაგრამ ეგ თქვენი ალერსი, რა ვქნა, რომ მავნებელია? გალია ჩემთვის ციხეა, ეს, ბავშვნო, ნუ გავიწყდებათ; ტყვედ ყოფნა მაწყენს, ფეხებს ვფშეკ და თქვენვე გული დაგწყდებათ. * * * გაუშვეს, უთხრეს: „მაშ ღმერთმა აწ მოგიმართოს ხელიო! გაფრინდი, გადაიარე ჭიკჭიკით მთა და ველიო“.
აკაკი წერეთელი1891
No comments:
Post a Comment